ეთო ჰახმანი სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და დოქტორანტია ამჟამად ცხოვრობს დრეზდენში,არის ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონალური დირექტორი.
ძალიან უყვარს კითხვა, მოგზაურობა, მუზეუმები და მუსიკა. მისი ჰობია ენები და თავისუფალ დროს სულ ცდილობს რომელიმე ენაზე ან კულტურაზე ახალი ინფორმაცია მოიპოვოს.
გაიცანით ეთო უფრო ახლოს:
ა(ანბანი): რატომ გადაწყვიტე საქართველოდან წასვლა?
ე(ეთო): ამას გადაწყვეტილებას არ დავარქმევდი. როგორც ყველა 90 იანებში დაბადებულ ადამინს მეც სულ მქონდა ევროპის რომანტიკა და მინდოდა სასწავლებლად წამოსვლა. 17 წლის ვიყავი რომ ჩავუჯექი გაცვლით პროგრამებს და სტიპენდიით წამოვედი გოტინგენში სასწავლებლად.
ა: რით განსხვავდება ცხოვრება საქართველოსა და გერმანიაში?
ე: ყველაზე უფრო მეტად თვალში მხვდება ჩვენი ერთობა- დიდი ოჯახები, სხვადასხვა თაობები ერთ ჭერ ქვეშ, ბავშების მიმართ სიყვარული და უფროსი თაობის პატივისცემა- ეს ისაა რაც ძალიან ქართულია ჩემთვის და გერმანიაში მაკლია.
გერმანიაში თავისუფალი ხარ, ჩაცმის, ქცევის და ურთიერთობების კუთხით, არავის ადარდებ და არავინ გაკვირდება ზედმეტად. საზოგადოება ინდივიდუალურ ღირებულებებზეა აგებული და თითქოს ცოტა უცხოც კია ეს ყველაფერი ქართველისთვის. საქართველოში სულ ლუპის ქვეშ ხარ თითქოს და გაკვირდება ყველა.
გამოვყოფდი საქართველოში მომსახურების სფეროს, განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში, გერმანიასთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფი და კარგად დაგეგმილია. მგონია რომ საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა.
ა: რა გენატრება ქართული/საქართველოში?
ე: რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტი რამე მენატრება. ყველაზე მეტად მენატრება გაზაფხულის სუნი, აი იასამნებს და იებს რომ აქვთ ხოლმე გაზაფხულის დასაწყისში აი ეგ სუნი. მგონია რომ გაზაფხული საქართველოსნაირად არცერთ ქვეყანას არ უხდება.
მენატრება დიდი დაბადების დღეები თავისი სიმღერებითა და გიტარით, საჭორაოდ შეკრებილი მეგობრები, ქართული სუფრა და სადღეგრძელოებიც კი მენატრება. რაღაცნაირად ძალიან ქართულია და იმიტომ.
განსაკუთრებით ხშირად მახსენდება საახალწლო პერიოდში, მთელი ოჯახის სამზადისი, დათუნია კანფეტითა და გოჭით.
საზაფხულო არდადეგები მენატრება ყაზბეგში, ჩემს და-ძმასა და ბებიასთან ერთად.
ა: სამომავლო გეგმები და მიზნები?
ე: მინდა ახლო მომავალში დავწერო წიგნი. რაიმე ძალიან ქართულ თემაზე.
ა: საქართველოში თუ აპირებ დაბრუნებას?
ე: აუცილებლად დავბრუნდები როცა მექნება იქ ისეთი პირობები როგორიც მაქვს აქ. ჩემი შვილები საუბრობენ ქართულად და იციან რომ ნახევარი ფესვები საქართველოში აქვთ.
ა: შენი გარშემომომყოფები რითი იცნობენ /გამოარჩევენ საქართველოს?
ე: ჩემმა კოლეგებმა იციან ორი სიტყვა ქართულად- კარგი და ვაიმე. ტელეფონზე როცა ვსაუბრობ ხშირად ვხმარობ ამ ორ სიტყვას და რაიმე რომ ხდება ბიუროში ჩემი გერმანელი კოლეგები ვაიმეს იძახიან.
ასევე ბუნებითა და მუსიკის სიყვარულით. ხშირად მეკითხებიან ქართული მრავალხმიანი სიმღერის კულტურაზე.
აღმოსავლეთ გერმანიაში სმენიათ ქართულ ჩაიზე და იცნობენ საქართველოს მეორე პრეზიდენტს - ედუარდ შევარდნაძეს.
ქართული დამწერლობაც ძალიან აინტერესებთ და მეც ამაყად ვყვები ჩვენი ენის სილამაზის და უძველესი ისტორიის შესახებ.
ა: რას აჩუქებდი უცხოელ მეგობარს საქართველოს და მისი ტრადიციების გასაცნობად და რატომ?
ე: მე მგონია საქართველოს სიმბოლიკა ისეთი მრავალფეროვანია, დაწყებული ვაზითა და ბორჯღალოთი, დამთავრებული ფიროსმანითა და გუდიაშვილით.
მე მიყვარს სამკაული და ძალიან მომწონს ხელნაკეთი ხის, რკინის, ტყავის ქართული სამკაულები, ასევე თექის ან მინანქრის დეტალებით ძალიან ეგზოტიკურია და ლამაზი.
განსაკუთრებით მომწონს ფიროსმანის ან ელენე ახვლედიანის მოტივებით შექმნილი აქსესუარები.
საკვები პროდუქტებიდან გამოვარჩევდი ჩვენს სამარკო პროდუქტ ჩურჩხელას და რა თქმა უნდა ღვინოს.