ანბანი: ამბავი ჩვენზე / იორგოს კასიტერიდის

ანბანი: ამბავი ჩვენზე / იორგოს კასიტერიდის

   გაიცანით იორგოს კასიტერიდისი, წარმოშობით ბერძენი ლინგვისტიკის სადოქტოროს სტუდენტი ნორბერტ ელიასის ცენტში, ასევე არის ფრილანსერ თარჯიმანი. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთის ქალაქ მარსელში. იორგოსს ძალიან საინტერესო პიროვნებაა და ასევე საინტერესო ისტორია აქვს საქართველოსთან დაკავშირებული ასე რომ ისიამოვნეთ:

ა(ანბანი): მოგვიყევი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რას საქმიანობ, რა არის შენი ჰობი ?

ი(იორგოს): გამარჯობა, ამ ეტაპზე ვმუშაობ სადოქტოროს კვლევაზე, რომელიც ეხება მე-18 საუკუნის ლექსიკონის გაციფრულებას და მის ანალიზს. მიყვარს პიანინოზე დაკვრა, მედიტაცია, კულინარიული ექსპერიმენტები მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, ხშირად  ვსტუმრობ მუზეუმებს და მომწონს ხელოვნება.

ა: მოგვიყევი საბერძნეთზე და ბერძენ ხალხზე?

ი: ვფიქრობ რომ ბერძნები და ქართველები დიდად არ განსხვავდებიან, მეგობრებთან და   ოჯახის წევრებთან სუფრაზე შეკრება ჩვენთანაც რიტუალივითაა. საბერძნეთი არის ნაზავი  ფუსფუსის, სტუმართმოყვარეობის, კონსერვატიზმის და ინოვაციის, რასაც ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვადასხვა ნაწილში შეხვდებით (და არამარტო აქ). უფრო მარტივი იქნება ვთქვათ რა არ არის საბერძნეთი: საბერძნეთი არ არის მხოლოდ აკროპოლისი ან თეთრი ციკლადური სახლები, ის ასევე არის ბეტონის საცხოვრებელი სახლების უზარმაზარი ოკეანე, მაღაზიებსა და სახლებს შორის ჩაკარგული პალეოქრისტიანული ეკლესიები, ნაყინის კიოსკები, მაწანწალა კატები და ძაღლები, ებრაული უბნები თავისი ეკლექტიკური არქიტექტურით. მოხუცი ქალბატონები რომლებიც აივნებზე ჭორაობენ, მთები, ზღვის მარილიანი სუნი. საბერძნეთი არ არის მხოლოდ ბერძნები, ეს არის ყველა ის ხალხი ვინც ცხოვრობს და ვინ მომავალში იცხოვრებს საბერძნეთში.

ა: პოპულარული დღესასწაულები საბერძნეთში?

ი: საბერძნეთში ყველაზე პოპულარულია ეკლესიური დღესასწაულები როგორიცაა შობა და აღდგომა თუმცა რელიგიურ დატვირთვას დღეს უკვე ნაკლებად ატარებენ.

ძალიან პოპულარულია დღესასწაული ცქინოპემპტი, („ცქინა“ ნიშნავს ხორცის შეწვისას წარმოქმნილ კვამლის სუნს და „პემპტი“ ნიშნავს ხუთშაბათს) რომელიც არის კარნავალის ბერძნული ვერსია. დღესასწაული იმართება მარხვის დაწყებამდე, ხალხი გამოეწყობა მრავალფეროვან ტანსაცმელში და მიირთმევს შემწვარ ხორცს ღვინოსთან ერთად. ცქინოპემპტის აღსანიშნავად არ არის აუცილებელი პიროვნება იყოს მორწმუნე.

ჩემი საყვარელი დღესასწაული პანიგირია. ეს დღესასწაული იმართება სხვადასხვა სოფელში მთელი წლის განმავლობაში და ეძღვნება ტერიტორიის მფარველ წმინდანს. მთელი მოსახლეობა არის ხოლმე სამზადისში ჩართული, აქ ნახავთ ტრადიციულ ცეკვებს, შეგეძლებათ მიირთვათ ბერძნული კერძები და ღვინო, სხვა უამრავ აქტივობასთან ერთად.

ა: საყვარელი ბერძენი მუსიკოსი?

ი: ოო რთულია! პირველ რიგში გამოვყოფდი: Boy, Matina Sous Peau, Despoinis Trichromi,     Hainides , Eleni Karaindrou, Haris Alexiou და Alkistis Protopsalti.

 ა: საიდან შეიტყვე და რა იცი საქართველოს შესახებ?

 ი: ჩემი ოჯახი ცხოვრობდა საქართველოში. ჩემი მშობლები დაიბადნენ, საწავლობდნენ და მუშაობდნენ საქართველოში 90-იან წლებამდე, რა დროსაც საბერძნეთში გადმოვიდნენ. შეიძლება ითქვას რომ ბავშოვაში ხინკალს უფრო მეტს ვჭამდი ვიდრე მუსაკას 😊 რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე ქართული ენის სწავლა, მოვიძიე ონლაინ კურსი. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვარ გამართული ქართულისგან, თუმცა როგორც ლინგვისტისთვის ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის, რადგან ყველა ენისგან განსხვავებულია. ქართველი არ ვარ, თუმცა ქართულ ენასა და კულტურას ძალიან მშობლიურად აღვიქვამ, ჩემი იდენტობის ნაწილია.

ა: ბოლო წლებში საქართველოში თუ  ხართ ნამყოფი? ან თუ გეგმავთ მომავალში?

ი: საქართველოში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი რამდენიმე წლის წინ. დავათვალიერე თბილისი, მცხეთა და ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელი, იმედი მაქვს მალე შევძლებ რომ კიდევ ვესტუმრო საქართველოს.

ა: რისი ნახვა გსურთ საქრათველოში?

ი: ვისურვებდი ბათუმის დათვალიერებას, ასევე ქუთაისი და სვანეთი.

ა: რა მოგწონს საქართველოსა და ქართველ ხალხში?

ი: ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ტრადიციების და სიახლეების ჭიდილი საქართველოში (ტრადიციებს დაპირისპირებული საკლუბი სცენა, ხელოვნება, პუბლიკაციები და ა.შ). ჩემთვის ძალიან ლამაზია არქიტექტურა რომელიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში შეიქმნა. სანამ ვესტუმრებოდი საქართველოს ბებია ბაბუის და მშობლების მონათხრობიდან შევიქმენი წარმოდგენა საქართველოზე, მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყნები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია, განსხვავებული ენები და ისტორიები გვაქვს (რომლებიც წარსულში რამდენიმეჯერ გადაკვეთილა კიდევაც) სითბო და სტუმართმოყვარეობა რაც საქართველოში მიგვრძნია ძალიან ახლოს და საყვარელს ხდის ჩემთვის , არ აღვიქვამ როგორც „უცხო ქვეყანას“ არამედ რაღაც მშობლიურს, სტუმართმოყვარეობასთან ერთად საოცარი კერძები და ღვინო გაქვთ.

 

 

Back to blog