თამო გაბიძაშვილი

თამო გაბიძაშვილი

გაიცანით თამო გაბიძაშვილი. თამო უკვე 9 წელია გერმანიაში ცხოვრობს, ქალაქ ჰამბურგში. უყვარს მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, მუსიკა და ცეკვა.

 

თამო: გერმანიაში წასვლა სულ მინდოდა. მე-9 კლასიდან უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი, მაგრამ მშობლებს უნდოდათ უნივერსიტეტი საქართველოში დამემთავრებინა. შესაბამისად, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტი და სწავლის დასრულებიდან მალევე წამოვედი ოპერ პროგრამით გერმანიაში. 

 

ანბანი: როგორი ქალაქია ჰამბურგი?

 

თამო: ჰამბურგი ძალიან მრავალფეროვანია. საპორტო ქალაქია და ევროპაში ყველაზე მეტი ხიდები აქაა. ქალაქი ძალიან მწვანეა, ცოტა მდიდრულიც, მოწესრიგებული, თუმცა ფეხბურთის თამაშის დროს ხმაურიანი და ქაოსური. ჰამბურგში შეგიძლია მთელი დღე ფეხით გადაადგილდებოდე და ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს, ბარს ან პარკს გადააწყდე. ყველაზე მეტად რაზეც ჰამბურგში მცხოვრები ადამიანები წუწუნებენ ეს ამინდია. წვიმა, ქარი, სეტყვა, მზე ყველაფერი შეიძლება სულ 20 წუთის განმავლობაში იყოს. ზაფხულში იშვიათად ცხელა.

 

ანბანი: როგორი იყო ჰამბურგში გატარებული პირველი დღეები?

 

თამო: ჰამბურგში რომ ჩამოვედი, თავიდან არავის ვიცნობდი და მომიწია რაღაცების მარტო გაკეთება მესწავლა. ვსეირნოდბი პარკში, ვათვალიერებდი ქალაქს, დავდიოდი საჭმელად. თავს კი ვარწმუნებდი, რომ მარტოსაც დრო კარგად გამყავდა, მაგრამ მეგობრების და ოჯახის წევრების გარეშე ძალიან რთული იყო. 

 

თამო რამდენიმე წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ასევე ატარებდა გერმნულის გაკვეთილებს. 

 

თამო: ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება ლტოლვილ ქალებს და ბავშვებს. ჰამბურგში ჩვენი ენის სკოლა ერთადერთია, რომელსაც პატარა საბავშო ბაღი აქვს. ვისაც არ ჰყავს ბავშვი ბაღში დარეგისტრირებული და ვერც სახლში ტოვებს, შეუძლია ჩევნთან დატოვოს და თავად გერმნულის გაკვეთილებს დაესწროს. რა თქმა უნდა, უფასოდ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო გერმანულის გავეთილების ჩატრება. ჯგუფში მყოლია ქალები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ და 3 თვის შემდეგ წერა და კითხვა ისწავლეს.

ცოტა ხნის წინ შევიცვალე სამსახური და ახლა Recruiter-ში ვმუშაობ. ჩვენი მიზანია იმ ქალებს დავეხმაროთ, რომლებმაც ენა ისწავლეს და ახლა სამსახურის პოვნა სურთ.

 

ანბანი: როგორია გერმანიაში ცხოვრება და რითი განსხვავდება ის საქართველოსგან?

 

თამო: გერმნიაში ცხოვრება მოწესრიგებული და სტაბილურია. ამაში ყველაფერი იგულისხმება: ტრანსპორტი, სამსახური, ჯანდაცვა. მხოლოდ ამით უკვე ძალიან განსხვავდება საქართველოსგან.

 

ანბანი: როგორ ჩანს მაქედან საქართველო, როგორც გერმანელებისთვის, ისე მანდ მცხოვრები ქართველებისთვის?

 

თამო: საქართველო გერმანელებისთვის უცხო აღარ არის. ზოგი სამოგზაუროდ არის ნამყოფი, ზოგი ქართულ ტექნო კლუბებს იცნობს, ზოგმა დიდი აქციების მერე მიიქცია ყურადღება. სხვები როგორ ხედავენ საქრთველოს ალბათ ამის თქმა გამიჭირდება, მე საქართველოს აუცილებლად როგორც ევროპის ნაწილს ისე ვხედავ, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

 

ანბანი: როგორია ქართველისთვის გერმანიაში თავის დამკვირდება?

 

თამო: მგონია რომ ეხლა ეს ყველაფერი ცოტა გართულდა, მაგრამ ვინც წამოსვლას აპირებს ვურჩევდი, რომ ენა კარგად ისწავლონ და ისე წამოვიდნენ. ასე უფრო გაუადვილდებათ თავის დამკვიდრებაც და მიზნის მიღწევაც.

 

თამოს თქმით, ადრე შედარებით იშვიათად ესმოდა ქართული საუბარი, ახლა ეს გახშირებულია. ქართულს გაიგონებ ტრასპორტშიც კი. 

 

სწრაფი შეკითხვები:

 

ანბანი: პირველი რაც საქართველოზე გახსენდება?

 

თამო: გემრიელი საჭმელები, თბილისის ქუჩები, გაზაფხულზე წვიმის შემდეგ, რომ სუნია ეგ, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი იასამნები.

 

ანბანი: რა იყო პირველი რაც უცხოეთში გადასვლის შემდეგ საქართველოდან მოგენატრა?

 

თამო: ქუჩაში, ბარში ან კაფეში შემთხვევით შეხვედრილი ნაცნობები. მეგობრებთან ერთად გართობა და გამთენიისას საჭმელად წასვლა.

 

ანბანი: რა არის ის ქართული ნივთი, რაც ყოველთვის და ყველგან გინდა, რომ თან გქონდეს?

 

თამო:  ნივთი არ მაქვს მგონი, მაგრამ საქართველოდან მიღებული წერილები ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ქართული წიგნები.

 

ანბანი: საქართველო რომ ერთი ნივთი იყოს, რა იქნებოდა?

 

თამო: ალბათ წითელი ღვინო, რომლის ეტიკეტზეც ქართული ანბანია დაბეჭდილი.

 

ანბანი: რას აჩუქებდი უცხოელ მეგობარს საქართველოს უკეთ გასაცნობად?

 

თამო: ხსენებულ ღვინოს

 

ანბანი: რას აჩუქებდი გერმანიაში დიდი ხნით მცხოვრებ ქართველს?

 

თამო: ქართულ წიგნს

 

ანბანი: რა არის შენი სამომავლო გეგმები?

 

თამო: სამომავლო გეგმებში არის მაგისტრატიურა. მინდა, საჯარო სასმახურში დავიწყო მუშაობა, მიგრანტების კონსულტაციის დეპარტამენტში და მეტი ვიმოგზაურო.

Back to blog